25 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში მოკვლევისას, სახელწიფო ინსპექტორმა "მწვანე სკოლაში" დარღვევები გამოავლინა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მოკვლევის დროს, სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა "მწვანე სკოლაში" დარღვევები გამოკვეთა. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევა რამდენიმე კონკრეტული პირის ხელახალი გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა. მათ შორის, საუბარია გარდაცვლილის მოზარდის დედაზეც.

რა ახალი გარემოებები გახდა გამოძიებისთვის ცნობილი, ამას მაკონტროლებელი უწყება ისევ საიდუმლოდ ტოვებს და აცხადებს, რომ გამოძიება ამ დანაშაულზე მალე დასრულდება. პარალელურად კი, ინსპექტორის სამსახურშია დაბარებული დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველი.

ერთადერთი დარღვევა, რომელიც "მწვანე სკოლას" ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღმოუჩინა, ეს არის სწორედ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევა. უფრო კონკრეტულად კი, ამ დარღვევაში ნაგულისხმევია ის, რომ "მწვანე სკოლამ" გამოძიების დაწყებიდან მალევე ვიდეო სათვალთვალო კამერები პოლიციას გადასცა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გადაადგილდება არასრულწლოვანი ლუკა სირაძე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ლუკა სირაძის დედა ამ საქმესთან დაკავშირებით ხელმეორედ დაიკითხა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

"მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე ამოიწურება საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება. გამოძიების დასრულებისთანავე მე თქვენ უფრო მეტ დეტალს გეტყვით.

"მწვანე სკოლის" მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას. ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და "მწვანე სკოლაში" დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას," - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

"კურიერი" "მწვანე სკოლის" დირექტორს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და ჯარიმა, რომელიც მათ დაუწესდა, "მწვანე სკოლამ" უკვე გადაიხადა.

"როდესაც პოლიციამ ჩვენ მოგვთხოვა კამერების ჩანაწერები ამ ამბის გამოძიებისას, ჩვენ ეს კამერების ჩანაწერები გადავეცით. როგორც აღმოჩნდა ამის უფლება არ გვქონდა და ამის გამო დავჯარიმდით კიდეც 500 ლარით. პერსონალური დაცვის მონაცემების ინსპექტორმა დაგვაჯარიმა იმის გამო, რომ ჩვენ გადავეცით პოლიციის მოთხოვნისამებრ კამერების ჩანაწერები. ეს მოხდა პირველივე დღეს, როდესაც საქმეზე გამოძიება დაიწყო," - აცხადებს "მწვანე სკოლის" დირექტორი კახა დავითური.

დღის ამბები