20 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
მთავრობის საერთაშორისო კრიტიკა არასამთავრობოებისთვის მორიგი ერთობლივი განცხადების საბაბი გახდა

2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია, საერთაშორისო რეპუტაციის გაუმჯობესება, პოლიტიკური პროცესის დასტაბილურება - ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების მიმართ ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს.

მესამე სექტორს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიაჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვას დაუბრუნდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოჩენა სჭირდება.

მესამე სექტორი პოლიტიკური მოთამაშეებს შორის პოლარიზაციის ფონზე საჭიროდ მიიჩნევს, საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციები სასწრაფოდ განახლდეს და თანასწორი საარჩევნო გარემო შეიქმნას.

ხელისუფლების ოპონენტები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ამ მოწოდებას გაითვალისწინებს, არ აქვთ. მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, პოლიტიკური პარტიები აცხადებენ იმასაც, რომ თუკი "ქართული ოცნება" მორიგ შეხვედრაზე ისევ 100/50-ზე შეთავაზებით მივა, მათთან კონსულტაციების გაგრძელების აზრი დაიკარგება.

"ქართული ოცნება" კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებით განხორციელების საფრთხის წინაშე დადგებოდა. 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს, თუმცა უცნობია, დასრულდება თუ არა ის კონკრეტული შედეგით. ერთმანეთის შეთავაზებას ამ დრომდე არც ერთი მხარე არ ეთანხმება.

 ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები