25 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში რჩება - ხელისუფლება ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას აანონსებს

კორონავირუსის მასშტაბების გაზრდის მიუხედავად, ამ დრომდე საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში რჩება. პარალელურად კი, დღეს ხელისუფლებამ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დააანონსა. გადაწყვეტილება მიღებულია - მთავრობის წევრები ახლა ეპიდემიის ზონიდან ადამიანების გამოყვანის გზებზე მსჯელობენ, თუმცა, როგორც ჩანს, დაბრუნებას ყველა არ აპირებს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ეს მომდევნო დღეებში გადაწყდება, მანამდე კი უკვე ძლიერდება უსაფრთხოების ნორმები საქართველოში და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით უქმდება. აეროპორტებში გრძელდება სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები, მგზავრებს უტარდებათ სკრინინგი.

სრულ იზოლაციაშია ინფექციის კერა, ჩინეთის ქალაქი უხანი, სადაც ამ დრომდე რჩება 3 ქართველი. მსოფლიოს ყველაზე საშიში ზონიდან დღეს შეერთებული შტატების 230-მდე მოქალაქე გაიყვანეს, ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.

ვიდრე საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოში საქართველოს ხელისუფლებაც დააბრუნებს, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ჩინელებით დასახლებული სხვადასხვა ობიექტი დილიდან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს.

უკვე შემოწმებულია ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაო პუნქტების დიდი ნაწილი. საინფორმაციო ხასიათის მასალები დაარიგეს დღეს ახალციხეში, სადაც ჩინეთის მოქალაქეები სავაჭრო მაღაზიებს ფლობენ. მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია არ სურთ, თუმცა მედიკოსებს განუცხადეს, რომ ქვეყანა ბოლო ერთი წელია, არ დაუტოვებიათ. 

განსაკუთრებულ შემოწმებას გადის ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ფოთის პორტში ხვალ შემოვა და 4 დღის განმავლობაში ნავსადგურის საზღვაო ტერიტორიაზე დარჩება. გემი მეორე დღეა, რაც რეიდზე, ფოთის საზღვაო აკვატორიაში დგას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა ვირუსმა საერთო ჯამში 16 ქვეყანაში შეაღწია. ევროპაში, კორონავირუსი საფრანგეთის შემდეგ ბოლოს გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გამოვლინდა. კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. "ჩინურმა ვირუსმა" უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 5000-ს მიაღწია. 120-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ავიარეისები. კარანტინი მოქმედებს ინფექციის ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში. ხელისუფლებამ მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები