09 აპრილი 2020,   02:11
ვრცლად
სახიფათო სათამაშოები - პროდუქცია, რომელმაც შესაძლოა მცირეწლოვნებში მძიმე დაავადებები გამოიწვიოს

შეუმოწმებელ სათამაშოებს თბილისის თითქმის ყველა ბაზრობაზე შეხვდებით. ნივთებში, რომლებსაც მცირეწლოვნები ყოველდღიურად მოიხმარენ, ქიმიური დაბინძურების რისკი მაღალია. მშობლები ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროდუქტის ყიდვის დროს სრულყოფილ ინსტრუქციას ვერ იღებენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ სათამაშოების მაღაზიებში. მათი განმარტებით პროდუქციის გაყიდვამდე თითოეული სათამაშო მოწმდება და ასაკის შესაბამისად იყიდება.

სათამაშოები, შესაძლოა, დოკუმენტური და ვიზუალური გზით შემოწმდეს. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს ძირითადი ყურადღება პროდუქციის ქიმიურ შემადგენლობას მიექცევა.

ქვეყანაში ევროსტანდარტების მქონე ლაბორატორიების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს "მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე" მადონა კოიძე. მისი განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

რამდენიმე წლის წინ კვლევითმა ცენტრმა საქართველოდან გერმანიის ლაბორატორიაში თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოები გააგზავნა. შედეგად 44-დან 21 სათამაშოში კადმიუმისა და ფტალატების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში სხვადასხვა მძიმე დაავადების მაპროვოცირებელია. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის თქმით, ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებულია და სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობა სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება.

ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ჯერჯერობით მხოლოდ პროდუქციის ფიზიკურ დათვალიერებას ექცევა.

დღის ამბები