მოსკოვისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს რეგულაციებს ასრულებს და შეასრულებს ამჯერადაც, ქვეყნის კანონის გვერდის ავლით, ის მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციას მიიღებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
ეს პასუხი რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის რეპლიკას მოჰყვა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანა გახდა და ამას მოწმობს თბილისში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ბოლო სესია. რუსმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტი სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების რეაგირების გარეშე დატოვებაში დაადანაშაულა.
"საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თქვენს ქვეყანაში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია, თუმცა თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმეთ რუსეთის დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი.
ასე რომ, თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო, არა მარტო პოლიტიკური თავისუფლებების, რელიგიური წარმომადგენლების, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვისაც, რა პასუხი გაქვთ ამაზე,"-განაცხადა კალაშნიკოვმა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გვერდი აუაროს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაცია ქვეყანაში შემოუშვას. ზურაბიშვილი ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებისა და ამ ორგანიზაციის პრინციპების პატივისცემით ხსნის:
"მაისში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება, საქართველო ამ შემთხვევაში გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ხალხს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის და ჩვენი ტერიტორიის გავლის გარეშე შევიდა, საქართველოში შემოსვლას უკრძალავს. ეს რუსეთის დელეგაციის წევრებს შემოსვლას უკრძალავდა, თუმცა რადგან ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, როგოც ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები და ამ ორგანიზაციის პრინციპები გვკარნახობს. ეს მარტივი არაა, ამას მარტივად არ იღებს ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ამას გავაკეთებთ და ჩვენი პრინციპების და ამ ორგანიზაციის წესების ერთგული დავრჩებით,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.