სამარცხვინო და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელი - ასე აფასებენ პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლას ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და სწორედ ეს პოზიცია აშკარა კიდევ ერთხელ გახადა ქვეყნის პირველმა პირმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან.
"საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოში იყო, ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, სამარცხვინო და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელი, მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და აქედან ყველა მიმართულებით პრობლემები აჩვენა. მან არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა ოკუპაციაზე და იმაზე, რომ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მან თქვა, რომ საქართველო აპირებს ოკუპაციის კანონის გვერდის ავლით საქართველოში ოკუპანტების შემოშვებას და ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი თავისუფალი სამყაროსთვის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლების მსგავს ქმედებებს ქართული საზოგადოება არჩევნებზე გასცემს პასუხს და ეს რეჟიმი მმართველობას ჩამოცილდება:
"ამ ადამიანებს არ ამოძრავებთ არც საქართველოს რეალური ეროვნული ინტერესები, არც საქართველოს კანონისა და სახელმწიფოებრიობის პატივისცემა, არამედ მათ აქვთ თავისი კონკრეტული ამოცანები, რომელიც სამწუხაროდ პირდაპირ ემთხვევა პუტინის ინტერესებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ ქართულ საზოგადოებას ექნება შესაბამისი ადეკვატური ქმედება, როდესაც ეს რეჟიმი საპარლამენტო არჩევნებზე მოსცილდება ქვეყნის ხელისუფლებას, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. მათი თქმით, დელეგაციის ჩამოსვლას ქვეყანაში ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს და საბოლოო სიტყვა მმართველმა გუნდმა უნდა თქვას.
"მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი. ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარების საკითხი წყდება ჩვენი ჩართულობით ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამას უნდა ქონდეს ასევე ლოგიკური შესაბამისობა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.