20 აპრილი 2024,   13:44
ვრცლად
5 სახელმწიფოს დელეგაცია რუსეთის წინააღმდეგ - რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დებატები დღეს გაიმართება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს საკმაოდ მწვავე დებატებს ელოდებიან. დღეს ხუთი სახელმწიფოს დელეგაცია და რუსეთი დებატებს გამართავს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა ჰქონდეს რუსეთს უფლება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმუშაოს.

საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის უფლება არ აქვს, ვინაიდან ის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.  მათ შორის, რეზოლუციით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს. 

ის დეპუტატები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ წავიდნენ ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ პოზიციას საერთო მხარდაჭერის შანსები თითქმის არ აქვს, თვითონ ფაქტი, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანია.

დეპუტატების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება და ისიც, რომ რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკმაოდ სერიოზული დისკომფორტი ექმნება.  

"იმის მოლოდინი, რომ ამ კვირაში შეწყდებოდა რუსეთის უფლებამოსილება არც იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს წნეხი ნარჩუნდება და გაძლიერდება. ცხადია, საუბარი არც არის იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებს რაიმე ემუქრება იმიტომ, რომ ეს სანქციები სრულიად სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში არის დაკისრებული. სხვა საკითხია, რომ ამ სანქციებში ვერ და  არ ხვდება საქართველო თავისი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემით," - აცხადებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი.

საქართველოს დელეგაციის და პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშად დარღვევასთან დაკავშირებით გზავნილი კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს.

"ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, განსაკუთრებით ეს ეხება რა თქმა უნდა ყირიმის ანექსიას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ეს გზავნილები გაჟღერდება ჩვენი მხრიდან დღევანდელ სესიაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლატვიის დელეგაციის წევრის ბორის სილევიჩის თქმით, რუსეთის დელეგაციის ბედი სწორედ დღეს გადაწყდება.

"დღეს გაიმართება დებატები და გადაწყდება რუსეთის დელეგაციის ბედი. შესაძლოა, მათ ხმის მიცემის უფლება არ აღუდგეთ, ან აღუდგეთ ნაწილობრივ, ლიმიტირებულად. ვნახოთ, რა მოხდება," - განმარტა ბორის სილევიჩმა.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობასთან დაკავშირებით 5 სახელმწიფოს დელეგაციის წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მაინც გავა. მანამდე კი, დებატები  გაიმართება. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ქართული მხარიდან ირაკლი ბერაია იქნება.

დღის ამბები