19 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
რუსული დელეგაციის ვიზიტი - ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხედ აფასებს

ოპოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხედ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ოკუპაციის კანონს გვერდი აუაროს და PACE-ს პრინციპების დაცვის გამო საქართველოში რუსეთის დელეგაცია შემოუშვას, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლოა ის პირებიც იყვნენ, ვისაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული:

"ეს არის დარღვევა საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხის ძალიან მძიმე საფრთხის ქვეშ დაყენება, ეს არის ის, რისი გაკვეთილიც ვერ გამოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ. ამიტომ ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას კარგად დაფიქრდეს ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს. საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას არ დაუშვებს არავინ. გავრილოვი, შემდეგ ლავროვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები, ვისაც დარღვეული აქვს ეს კანონი, რასაკვირველია ვერ შემოვა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ თავი ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა და მხოლოდ ორი არჩევანი დარჩა ან დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და გვერდი აუაროს საერთაშორისო ვალდებულებებს, ან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაარღვიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და ოკუპაციის კანონი:

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავად შეიყვანა თავი ჩიხურ მდგომარეობაში, საიდანაც მარტივი გამოსავალი აღარ არის, ან მათ უნდა დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესი და რა თქმა უნდა, დაარღვიონ გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები და არ შემოუშვან ოკუპანტი საქართველოში. ეს იქნება ოკუპაციის კანონის დაცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, მაგრამ საერთაშორისო ვალდებულების გვერდის ავლა ნამდვილად, მე არ ვიტყოდი დარღვევას. ან ეს არის არჩევანი, ან არჩევანი არის, რომ ბუკვალურად შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, ოღონდ დაარღვიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და ოკუპაციის კანონი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეგდოთ თავი, როცა ამ მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს მერე აღარ არის მარტივი გამოსავალი," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტს აუცილებლად მოჰყვება დიდი პროტესტი:

"თუ ლავროვი აქ მართლაც ჩამოვა მაისში, ამას რა თქმა უნდა მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი, ყველა მორალური და ღირსეული ქართველისაგან და ეს იქნება ძალიან სწორი პროტესტი, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთს არასდროს არ მივიღებთ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომ ლავროვის ვიზიტი არის წარმოუდგენლად ცინიკური შეურაცხყოფა მთელი ჩვენი ისტორიისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობისა," - განაცხადა გეგელიამ.

დღის ამბები