20 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
ქობულეთის 29 ბაღში რძის ნაწარმის არარსებობის გამო ბავშვებს ბოსტნეულითა და ბურღულეულით კვებავენ

უკვე მეათე დღეა, სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების კვების რაციონში რძის პროდუქტები აღარ შედის. კარაქი, ყველი, ხაჭო, ხაჭაპური, რძე და მაწონი - ყველა ეს პროდუქტი, ქობულეთის 29-ვე ბაღში, ბურღულეულითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლეს.

საკვებ ულუფაში ცვლილების შეტანა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს იძულებით მოუხდათ, რის გამოც 3135 აღსაზრდელის გამოკვებას სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კალორაჟით უკვე მეათე დღეა, ვერ უზრუნველყოფენ. კვირაზე მეტია, რაც რძის პროდუქტების საკვების რაციონიდან ამოღებით, ბაღები კვების ტექნიკურ რეგლამენტს არღვევენ.

ქობულეთში, მცირეწლოვანი ბავშვების რძის პროდუქტების გარეშე დარჩენის მიზეზი, ტენდერში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიების დაპირისპირება გახდა. შპს "ჯი აი სი ჯორჯიამ", რომელმაც ტენდერი წააგო, ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეჭვობენ, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები ტენდერის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

კომპანიებს შორის დავამ სატენდერო პროცედურები შეაჩერა. შეფერხდა ბაღების პროდუქტით მომარაგების პროცესიც. ბაღების გაერთიანებაში ამ დრომდე ვერ ასახელებენ პროდუქციის მიწოდების განახლების თარიღსაც.

ბაღებში კვებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების მშობლები არავის გაუფრთხილებია. მათ ინფორმაცია რძის პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით "კურიერისგან" გაიგეს.

ბაღების გაერთიანება, ტენდერში მონაწილე კომპანიის საჩივარს 4 თებერვალს განიხილავს. პროცესის დასრულებამდე კი, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს კვება კორექტირებული მენიუს მიხედვით მოუწევთ. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი, გაერთიანებას ახალი ტენდერის გამოცხადება იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები რძის პროდუქტის გარეშე კიდევ დიდხანს დარჩებიან.

დღის ამბები