25 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
პოლიცია მოვიდა და ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან არ ვიცი - ბოლნისში მომხდარი მკვლელობა

მკვლელობა ბოლნისის სოფელ სამწვერისში - ადგილობრივებს მოკლულია 70 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მოტივსა და ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავენ, ეჭვი ერთ-ერთ ადგილობრივზე აქვთ, სწორედ სავარაუდო დამნაშავის სახლთან, ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.

"კურიერმა" სავარაუდო ეჭვმიტანილის ოჯახის წევრი ჩაწერა, ის ადასტურებს, რომ მისი შვილიშვილი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დაახლოებით საათნახევრის წინ პოლიციაში გადაიყვანეს.

"პოლიცია მოვიდა და ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს. სავარაუდოდ, აქ რაღაც მკვლელობა მოხდა, თუმცა რა კავშირი აქვს ჩემს შვილს ამ საქმესთან არ ვიცი," - აცხადებს დაკავებულის ბებია.

რაც შეეხება მკვლელობის შემთხვევას, ადგილობრივების ინფორმაციით, ის გვიან ღამით მოხდა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხმა არ გაუგიათ. მეზობლებმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამთენიისას დილის 9 საათზე იპოვეს.

"ჩვენ დილით გავიგეთ ეს ამბავი. გარდაცვლილი აქ საკუთარ ცოლთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ცოლი ამჟამად სახლში არ იმყოფება. რა გახდა მკვლელობის მიზეზი გაურკვეველია," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეზობელი, რომლის სახლთანაც ცხედარი აღმოაჩინეს, ამბობს, რომ გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დანაშაულის იარაღიც ამოიღეს, რომელიც უკვე საქმის მასალებში დევს.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილის მეუღლეც, ის სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები