06 აპრილი 2020,   09:01
ვრცლად
ინფიცირებული 11 791 და დაღუპული 259 ადამიანი - როგორია კორონავირუსის ოფიციალური სტატისტიკა და გავრცელების არეალი

მსოფლიოში კორონავირუსით 11 791 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სტატისტიკის საგანგაშო მატებაა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 259-ს მიაღწია, ყველა ფატალური შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა კი ჰუბეის პროვინციაში, რომელსაც ინფექციის წყაროდ მიიჩნევენ. დაახლოებით 250 ადამიანი ვირუსისგან უკვე განიკურნა, მათ შორის, ავსტრალიაში, იაპონიასა და ტაილანდში.

"დადასტურებულად შემიძლია ოფიციალური სტატისტიკა მოგაწოდოთ. ინფიცირებულია 11 791 ადამიანი. დაიღუპა 259, ხოლო 1,795 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,"- აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი მი ჩენგი.

პრევენციული ზომების მიუხედავად, ახალი ვირუსი უკვე 25 ქვეყანაში გავრცელდა. შვედეთსა და ესპანეთში დღეს პირველი შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურდა. ესპანეთის მოქალაქე ერთ-ერთი იყო იმ ხუთ ადამიანს შორის, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ გერმანელ მამაკაცთან ჰქონდათ შეხება. ხუთივე მათგანზე დაკვირვების შემდეგ, კორონავირუსი ექიმებმა მხოლოდ ესპანელს დაუდგინეს. შვედეთში კი ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ქალაქ უხანში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.

"პირველი შემთხვევა დადასტურდა. 20 წლის გოგონა, რომელიც უხანში იყო შვედეთში 24 იანვარს დაბრუნდა. მან თავი ცუდად იგრძნო და ინფექციურ კლინიკას მიაკითხა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ მას ახალი კორონავირუსი აქვს. ახლა ის დაკვირვების ქვეშაა" - განაცხადა შვედმა ინფექციონისტმა მალინ ბენგნერმა.

კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამაც:

"5 ნიმუშიდან მიკრო ბიოლოგიურ ცენტრში კორონავირუსი მხოლოდ ერთზე დადასტურდა. მას ესპანეთში ჩამოსვლამდე კონტაქტი ჰქონდა იმ გერმანელ მოქალაქეებთან, რომელებიც დაინფიცირებულები არიან. ეს ადამიანი ახლა იზოლირებულია და შესაბამის სამედიცინო მკურნალობას გადის," - აცხადებს ესპანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

საგანგებო მდგომარეობა იტალიის შემდეგ, აშშ-ში გამოცხადდა. ახალი ვირუსით ინფიცირებულია შტატების კიდევ ერთი მოქალაქე, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. შტატებმა შეზღუდვებიც დააწესა. კერძოდ, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ვირუსის გადამტანთა რისკჯგუფში შევლენ, ამერიკაში შესვლას ვერ შეძლებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ავსტრალიაშიც.

"პრეზიდენტმა ტრამპმა შტატებში საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემოსვლაზე შეზღუდვები დააწესა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, ვინც ბოლო პერიოდში ხუბეის პროვინციაში იმოგზაურა და შესაძლოა ვირუსის გადამტანი იყოს. რაც შეეხება ჩინეთიდან დაბრუნებულ შტატების მოქალაქეებს ისინი 14 დღე დაკვირვების ქვეშ იქნებიან," - აცხადებს აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი.

"დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში შტატების 7 მოქალაქეა ინფიცირებული. პაციენტმა მანამდე უხანში იმოგზაურა, მალევე ვირუსის სიმპტომებმა შეაწუხა. ახლა ვცდილობთ იმ პირთა დადგენას ვისთანაც ინფიცირებულს ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა," - აღნიშნა სანტა კლარას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა სარა კოდმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის თქმით, ხელისუფლებისთვის ავსტრალიელების ჯანმრთელობის დაცვა უმნიშვნელოვანესია:

"ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ჩვენი ერის ინეტერესები დავაყენოთ წინ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რათა ავსტრალიელების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს,"- განაცხადა სკოტ მორისონმა.

"კეთილი იყოს თქვენი საფრანგეთის მიწაზე დაბრუნება. თქვენთვის შესაბამისი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველა ზომა მივიღეთ. ვისურვებდი თქვენთვის ხელის ჩამორთმევას, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. უახლოესი 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში მოგიწევთ ყოფნა. მედიკოსების შესაბამისი ჯგუფის დაკვირვების ქვეშ იქნებით,"- განუცხადა საფრანგეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აგნეს ბაზინიმ.

კორონავირუსმა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩინეთის ეკონომიკა. ეპიდემიის გამო კომპანია "ეფლი" ქვეყანაში ყველა ოფიციალურ მაღაზიას ხურავს. წარმომადგენლობითი ოფისები და მაღაზიები უკვე დახურეს IKEA , Google, KFC, MC Donalds, starbucks, H&M.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როცა თაღლითები მომხმარებელს კორონავირუსის არარსებული "ვაქცინას" და პირბადეებს მაღალ ფასად სთავაზობდნენ. მსგავსი შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა.

ყალბი თეორიები კორონავირუსის შესახებ გავრცელდა ქართულ ინტერნეტ-სივრცეშიც. ყალბი გვერდები წერდნენ, თითქოს ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტი კორონავირუსის მატარებელი და გამავრცელებელია. არის ვერსიაც, რომ თითქოს ვირუსი, ბიოლოგიურ იარაღად არის გამოყენებული. დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ფეისბუქმა, გუგლმა და ტვიტერმა ყალბ ინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებთან ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ვიწყებთ ცრუ ინფორმაციის ან კონსპირაციული შინაარსის შემცვლელი თეორიების წაშლას, რომლებმაც გლობალური ან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, იმ ადამიანებს მიაყენონ ზიანი, რომლებიც ამ ინფორმაციას დაიჯერებენ." 

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები