25 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ლუდომანია და უკონტროლო სათამაშო ბიზნესი - სამოქალაქო სექტორი ბრძოლას აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქციებით იწყებს

ბრძოლა აზარტული თამაშების წინააღმდეგ - პრობლემა საქართველოში ისევ გადაუჭრელია. სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რომ ხელისუფლება აიძულოს, გაკონტროლდეს სათამაშო ბიზნესი და დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები.

"კურიერთან" ახალგაზრდა ქალი საკუთრ ტრაგედიას ამხელს. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს შესაძლოა სახლის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო და ამის მიზეზი მეუღლის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ყოფილიყო.

მეუღლე რომ ლუდომანი იყო ამის შესახებ 15 წლის წინ, შემთხვევით გაიგო. ისიც მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ქმარი დეპრესიაში იყო და ფულზე ნერვიულობდა. დაკარგეს თითქმის ყველაფერი, სამუშაო ადგილი, ქონება, ბოლოს კი ქალმა გაიგო, რომ წაგებული თანხის დასაფარად, მისმა მეუღლემ, ყველასგან მალულად სახლი იპოთეკით დატვირთა. ვალის გადაუხდელობის გამო ახლა გამოსახლების მოლოდინშია.

მიუხედავად ამისა 50 წლის მამაკაცს აზარტულ თამაშებზე უარი დღემდე არ უთქვამს. ამის შესახებ საუბარი უჭირს და არც საჯაროდ გამოჩენა სურს, თუმცა ინტერვიუს მიზანი მისთვის სხვების დახმარებაა და იმის თქმაა, რომ აზარტული თამაშები არამხოლოდ მოთამაშეს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც აზიანებს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი რომ საგანგაშოა, ამაზე სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ, გავრცელებული ინფორმაციით იანვრის თვეში სუიციდის სამი ფაქტი დაფიქსირდა, რომლის მიზეზი სწორედ აზარტული თამაშებია.

ლუდომანებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ხშირად დანაშაულის ჩადენის მოტივიც, წაგებული თანხის დაბრუნებაა. გამოსავალს კი საკანონმდებლო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში და რეგულაციებში ხედავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ვითარება საგანგაშო გახდება.

ხშირად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირები ცდილობენ იპოვონ გამოსავალი და დასძლიონ სენი. ამისთვის ნაწილი მათგანი სპეციალისტებს მიმართავენ.

"აზარტომანია არის დაავადება და მკურნალობა სჭირდება," - ამის შესახებ საუბრობენ ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ დამოკიდებულმა პირმა განკურნება შეძლოს, საჭიროა ფსიქოლოგიური ჩარევა, ზოგ შემთხვევაში მედიკამენტოზურიც.

აზარტული თამაშების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებაზე, სამოქალაქო აქტივისტები, აქციას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

დღის ამბები