20 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
ლობისტური კომპანიები ურთიერთბრალდებების მიზეზი - ენმ მმართველ გუნდს, "ოცნება" კი, ენმ-ს ადანაშულებს

დოკუმენტი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და ამერიკული ლობისტური კომპანია "ორიონ სტრატეჯის" ბოლოდროინდელ თანამშრომლობას ასახავს, დეპუტატებს შორის კამათის მიზეზი გახდა.

სადავო, დოკუმენტის ბოლო გვერდი გახდა, რომელსაც ოპოზიციის ვერსიაში ხელს კობა ნაყოფია აწერს, მმართველი გუნდი კი დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ორ მხარეს შორის საკონტაქტო პირად ბათუ ქუთელიაა მითითებული.

ყველაფერი მამუკა მდინარაძის ბრიფინგით დაიწყო, რომლის განცხადებით, ლობიზმში უკანონო არაფერია, თუმცა როდესაც მასში ოპოზიცია და მესამე სექტორი ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მიუკერძოებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

საუბარია ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიაზე, რომელიც კონტრაქტში ორ მხარეს შორის ოფიციალურ საკონტაქტო პირად არის მოხსენიებული. მტკიცებულებად მდინარაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე არსებული ღია დოკუმენტი მოიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბრალდებები თანაბრად ეხებოდა ენმ-სა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, რომლებსაც მდინარაძე ერთ ძალად განიხილავს და მანიპულაციებში სდებს ბრალს.

საგანგებო ბრიფინგს მოჰყვა ბრიფინგი ენმ-შიც, სადაც მმართველი გუნდის განცხადებაში ვაშინგტონიდან მიღებული კრიტიკის გადაფარვა ამოიკითხეს.

ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს ტყუილში ადანაშაულებს. ტყუილთან ერთად კი, ლობიზმის მიზნით ბიუჯეტის არარელევანტურ ხარჯვაში. ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის მდინარაძის განცხადების პათოსი გაუგებარი რჩება, რადგან აშშ-ში ყოფილი ელჩის, ბათუ ქუთელიას საქმიანობაში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ.

თავად ბათუ ქუთელია, რომელიც წლებია უსაფრთხოების ექსპერტი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება. "კურიერს" ის სავარაუდოდ მოგვიანებით უპასუხებს. 

როგორც მმართველ გუნდში მიუთითებენ, უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესს ატარებს ფარულად და დამოუკიდებლობის იმიჯის ქვეშ, რაც დაუშვებელია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია 2013 წლიდან ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა. დღეს მას, მმართველი გუნდი ყოფილი თანაგუნდელების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რაც უმრავლესობის თქმით, არასამთავრობო სექტორის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები