25 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
კორონავირუსის დადგენა უკვე ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი - საქართველოში მიუნხენიდან რეაგენტები ჩამოვიდა

დღეიდან კორონავირუსის დადგენა ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი და ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ საჭირო აღარ არის. საქართველოში მიუნხენიდან რეაგენტები გუშინ ჩამოვიდა. საკმარისი რაოდენობის მასალა უკვე ლუგარის ლაბორატორიაშია, სადაც შესაძლებელია იმის დადგენა, აქვს, თუ არა რომელიმე პაციენტს მსოფლიოს 26 ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსი. მარაგი რამდენიმე ასეულ ადამიანზეა გათვლილი.

პირველი დაკვირვება იმ ორ პაციენტის ნიმუშებზე მოხდება, რომლებიც ჩინეთიდან, რამდენიმე დღის წინ, დაბრუნდნენ და ამ დრომდე, ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა და საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის წამყვან სიმპტომებს აქვეყნებს. მაღალი ტემპერატურა გამოხატული თავის ტკივილით, გაციება სურდო-ცემინებით, ყელის ტკივილი. ყველაზე მძიმე სიმპტომი კი უკვე განვითარებული პნევმონიაა, რომელიც სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება. კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანიდან 5 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროის მონაცემებით თურქეთში 3, ხოლო საფრანგეთში 2 ქართველი საინკუბაციო 14 დღიან პერიოდს კლინიკებში გადის. ჩინეთიდან სამხედრო თვითმფრინავით ჩამოყვანილ ეკიპაჟის წევრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

დედამიწა უკვე ერთ თვეზე მეტია კორონა ვირუს ებრძვის. ჩინეთში იზოლაციაშია მოქცეული ქალაქი უხანი, სადაც საკუთარი სურვილით ჯერ კიდევ საქართველოს 3 მოქალაქე რჩება. 200-მდე ქართველი კი ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაშია. ქართველები ყვებიან, რომ პერიოდულად მცირდება პირბადეების რაოდენობა, მომატებულია საკვები პროდუქტების ფასი. მოსახლეობა ხელისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გასვლას ერიდება. 

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 20 ათას 595 ადამიანი. 31 დეკემბრის შემდეგ 425 ადამიანი გარდაიცვალა და 632 ადამიანია უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსი ჩინეთს გარდა 26 ქვეყანაში დაფიქსირდა, იქ დაავადებულთა რიცხვი 163 ს შეადგენს, მათ შორის არის 8 ადამიანი, რომელიც ჩინეთში ნამყოფი არ არის.

 

 

დღის ამბები