24 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
ირაკლი შოთაძის 5 საათიანი მოსმენა - რა სტატუსით ესწრებოდა შოთაძე ივანიშვილთან, ჩხარტიშვილი-ხაზარაძის ბიზნეს დავას

ერთწლიანი პაუზისა და უკვე მთავარი ბრალმდებლის გამოცდილებით ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას დღეს, როგორც კანდიდატი, ისე სტუმრობდა. შალვა თადუმაძის შემცვლელის მსურველი საპროკურორო საბჭოსთვის საკუთარი კვალიფიციურობის დამტკიცებას 5 საათი ცდილობდა. ამ დროის დიდი ნაწილი დაეთმო იმის გარკვევას, რა კავშირი აქვს ირაკლი შოთაძეს ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან.

დღევანდელი აღიარებით, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა ის, რასაც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი რამდენიმე თვის წინ ამბობდა. მამუკა ხაზარაძის, ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე, რომელზეც ბიზნეს დავაზე საუბრობდნენ, მაშინდელი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ შემთხვევით აღმოჩნდა.

"დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. დაემთხვა ისე, რომ სწორედ ამ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ჰქონოდათ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ. შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი. შესაბამისად, მე ამ შეხვედრაზე არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი და მოვხვდი შემთხვევით, შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია," - აცხადებს შოთაძე.

ყოფილი მთავარი პროკურორის და ახლა უკვე იგივე პოსტისთვის მებრძოლი შოთაძისგან ბიძინა ივანიშვილის სახლში გამართული შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთ აღიარებას ელოდებიან. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებენ, რომ ძველი კადრის თავიდან გაპროკურორების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე დაიხურება.

"ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს პრეცედენტი, როდესაც ადამიანებს არ ეშინიათ სიმართლის თქმა, მიუხედავად იმისა, ეს სიმართლე შემდგომ მათ კარიერულ სირთულეს შეუქმნის თუ არა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ბატონ შოთაძეს, თუ ის გენერალური პროკურორი გახდება, გამოიყენოს სიმართლის თქმის პრინციპი და ამხილოს და სააშკარაოზე გამოიტანოს იმ ბრალდების აბსურდულობა, რომლითაც ჩვენ უკვე ორი წელიწადია გვავიწროვებს პროკურატურა და ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული უწყებები," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ირაკლი შოთაძეს დღეს ბევრი არაფერი უთქვამს იმ საქმეზე, რის გამოც 2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან წავიდა. ხორავას საქმის გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზეები მხოლოდ იმით ახსნა, რომ პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირებმა გვიან მიაწოდეს. შესაბამისად, არ არსებობდა საკმარისი დრო, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დროულად გამოევლინათ.

ამავე საქმეში ერთადერთ ხარვეზს ირაკლი შოთაძე მხოლოდ იმ ნაწილში ხედავს, რომ საგამოძიებო უწყებას დაზარალებულ სარალიძეებთან სწორი კომუნიკაცია არ ჰქონდა. ფიქრობს, რომ საზოგადოების მწვავე პროტესტის უკან, დიდი პოლიტიკური ინტერესი იდგა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას თითქმის სამი წლის განმავლობაში იკავებდა. შესაბამისად ბევრია ისეთი საქმე, რომელიც მის სახელს უკავშირდება. თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის დეტალების განხილვის უფლებას საპროკურორო საბჭოს წევრებსა და გენერალური პროკურორობის კანდიდატს, სხდომის მდივანი არ აძლევდა.

დღის ამბები