23 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
მხოლოდ პენსიონერებისთვის გახსნილი ე.წ გადასასვლელი - 5 თვიანი ტყვეობის შემდეგ ახალგორის მოსახლეობა მორიგი იზოლაციისთვის ემზადება 

ახალგორის მოსახლეობა მორიგი იზოლაციისთვის ემზადება. ე.წ. გადასასვლელები ხუთშაბათს ორი თვით ისევ ჩაიკეტება. მოსახლეობამ იზოლაციის დღეებისთვის პროდუქტები და მედიკამენტები შეძლებისდაგვარად მოიმარაგა. წეროვანის დასახლებიდან ოკუპირებულ რეგიონში მიმავალი მგზავრები ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გარდა, დისკრიმინაციის ფაქტებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ექიმები პაციენტებს სრულფასოვან მკურნალობაზე ზოგჯერ უარს ეთნიკური ნიშნით ეუბნებიან.

ახალგორის ოკუპირებულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს 1400 მოქალაქიდან დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ 200 პირს მისცა. ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ამ დრომდე უკრძალავენ თამარ გიგაურს, რომელიც დაახლოებით, 3 თვის წინ, ჭაში ჩავარდა და ამ დრომდე ექიმების კვალიფიციური დახმარების მოლოდინშია.

დე ფაქტო და საოკუპაციო რეჟიმები ცდილობენ ეთნიკურად ქართველებს ახალი ბარიერები შეუქმნან, რათა მათ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება აიძულონ, - ასეთია იმ მოქალაქეების შეფასება, რომლებიც რუსული აგრესიის შემდეგ წეროვანის დასახლებაში ცხოვრობენ.

140-დღიანი იძულებითი იზოლაციის შემდეგ, ახალგორის მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმმა გადაადგილების უფლება 24 იანვარს მისცა. გამონაკლისი დაუშვეს პენსიონერებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ან რუსეთის პასპორტებს და ქართულ პენსიას იღებენ. შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა რომ ზოგად სურათს მნიშვნელოვნად არ ცვლის, ამაზე საქართველო ხელისუფლება საუბრობს და საერთაშორისო პარტნიორებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოებაც. არასამთავრობო სექტორმა ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთობლივი განცხადებით მიაწოდა. წერილში, ბოლო პერიოდის ფაქტებია ასახული. მესამე სექტორი ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო ტრიბუნა ოკუპაციის პრობლემის წარმოსაჩენად.

ახალგორის ე.წ.ი გადასასვლელი 6 თებერვალს ისევ ჩაიკეტება. საოკუპაციო რეჟიმი პირობას დებს, რომ მიმოსვლას ყოველ 2 თვეში ერთხელ, 10 დღით პენსიონერების მხოლოდ შეზღუდული კატეგორიისთვის აღადგენს.

დღის ამბები