19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ჩინელი მამაკაცი საქართველოში პეკინიდან ჩამოვიდა

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ორი პაციენტი შეიყვანეს - ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცი საქართველოში პეკინიდან ჩამოვიდა. მან ვირუსის ნიშნებით რამდენიმე დღე გაატარა ბაკურიანსა და გუდაურში, პარალელურად კი ჩინეთის ერთ-ერთი კლინიკის დანიშნულებით მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა. მეორე პაციენტი, რომელიც ასევე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, შანხაიდან ჩამოსული ქართველი ქალია.

ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსის შტამზე ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ დილით ჩატარდება, პასუხი კი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ქალაქი, საიდანაც ე.წ. ჩინური ვირუსი გავრცელდა, კვლავ ჩაკეტილია. უხანში მედიკამენტების, პირბადეებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტია. ჩინეთში მოქალაქეებს მოუწოდებენ, აუცილებლობის გარდა, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ჰუბეიში ექიმის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს.

ცნობილი ჩინელი ადამიანები სოლიდარობის ჰიმნს ავრცელებენ და დაავადებულებს ამხნევებენ. მათ შორის არის ჯეკი ჩანი, რომელმაც ვირუსის დასამარცხებლად მილიონი იენი გამოყო.


ბოლო მონაცემებით, ე.წ. ჩინური ვირუსით 565 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 29 ათასს აჭარბებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ამ დროისთვის 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები