20 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"გვაქვს დოკუმენტაცია, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა" - ინდოეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებულის მეუღლე მომხდარის მიზეზებზე საუბრობს

თბილისში მომხდარი მკვლელობა - ინდოეთის მოქალაქის ცხედარს, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, სამი ტყვია აქვს მოხვედრილი ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება. როგორც გაირკვა, მეზობლებს შორის დავა მიწის კუთვნილებაზე დიდი ხანია გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა დღისით მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევას პირდაპირი და უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაული მათ ცხელ კვალზე გახსნეს, რის შედეგადაც მათ 1953 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც მოკლული, ინდოეთის მოქალაქის მეზობელი იყო. "კურიერის" ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც "კურიერთან" საუბარში დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მეუღლე საუბრობს, დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის მოქალაქემ მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მისი სახლი დაზიანდა, მეზობელმა კი სახლის შეკეთება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, დაკავებულის მეუღლის განცხადებით, ინდოეთის მოქალაქემ ღობე მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენა, რამაც გაღიზიანება და არაერთი სიტყვიერი, თუ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ მას გააჩნია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ეს ტერიტორია არის მისი და შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მოხდა დროული რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რამაც სავალალო შედეგი გამოიწვია.

"ჩვენ კონფლიქტი ერთი წელია გვაქვს. დაიწყო იმით, რომ ჩვენი კედელი დაანგრიეს და სურდათ ჩვენს მხარეს გადმოსვლა. ეს სახლი ასი წელია ჩვენია. ჩვენი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. მათ თუ აქვთ, ჩვენც გვაქვს დოკუმენტაცია, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა. მათ არაფერზე დათანხმება არ სურდათ. ჯერ კიდევ გუშინ ნოტარიუსთან შეხვედრა გვქონდა დანიშნული და ისინი არც კი გამოცხადდნენ.

მთელი წელია ეს კონფლიქტი მიმდინარეობს, ადვოკატებიც ჩართულნი არიან, მათ კი არაფრის გაგონება არ სურდათ. რა მოხდა და როგორ მოხდა უკვე არაფერი ვიცი, სახლში არ ვიყავი. ყოველ დღე იყო ასეთი სკანდალები და პატრულს ხან ჩვენ ვიძახებდით, ხან ისინი. ეს ადამიანი ამ ზომამდე მიიყვანეს," - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

"კურიერი" დღესვე მუნიციპალურ უწყებას დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს, რომ მიმართვა ჰქონდათ როგორც ერთი, ისევე მეორე ოჯახის მხრიდან და რეაგირება არაერთხელ მოუხდენიათ. უწყებაში ასევე ადასტურებენ იმასაც, რომ მათი საბუთები იყო წესრიგში და არც ერთ ოჯახს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, ეს იყო სამოქალაქო დავა, რომელიც სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები