23 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ისევე მუშაობს, როგორც აქამდე იყო - ადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამჯერად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვიზიტი დაიწყო.

რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა შეხვედრა არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს შორის, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილი ერთ-ერთი კრიტიკული წერილის ავტორია.

"კურიერთან" საუბრისას კინზინგერმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და კონგრესმენების შეშფოთებაც სწორედ ამ ფაქტორითაა გამოწვეული. 

"ჩვენ ყველაზე მეტ კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ვამყარებთ. ჩვენ ვართ შეშფოთებული და ამას გამოვხატავთ. თუმცა, შეშფოთება არ უნდა იქნას იმედგაცრუებად ან სიბრაზედ აღქმული. ეს უნდა აღვიქვათ ვითარებად, რომელიც მეგობრებს შორის არის. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, საქართველოსთვისაც ასეა. ახლა ჩვენ ძალიან კარგ ადგილზე ვიმყოფებით. უნდა მივიღოთ რეზოლუცია და ვაგრძელებთ საქართველოსადმი ერთგულებას.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ისევე მუშაობს, როგორც ეს აქამდე იყო. ნებისმიერი შეშფოთება, რაც ჩვენ შორის არის, ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებაა საქართველოსადმი. ამიტომ, ეს კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებში შედის. საქართველოთი რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, მაშინ არ ვინაღვლებდით საქართველოზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. გავაგრძელებთ  დიალოგს, რომ გადავჭრათ არსებული კრიზისი. ვაგრძელებთ ქართველების გვერდში დგომას. კარგი დიალოგი გვაქვს, რომელიც ჩვენს შეშფოთებას ეხება. იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება რეზოლუცია,"- განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საუბრები სხვა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის, კრიტიკული წერილების ავტორებთან. ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტში. 

დღის ამბები