18 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
"ოცნება" ამერიკაში - ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიცია კომპრომისს ელის

საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პროცესი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ამერიკაში ჩასულ ქართულ დელეგაციას პარტნიორებმა კითხვები დაუსვეს. უმრავლესობა 20-მდე სენატორსა და კონგრესმენს შეხვდა, მათ შორის იმ კრიტიკული წერილების ავტორებს, რომლებიც საქართველოს პრემიერის სახელზე ვაშინგტონიდან გამოიგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს შტატების მხარდაჭერა აქვს და პარტნიორული ურთიერთობები არ გადაიხედება.

აშშ-ში საგანგებოდ ჩასული პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვები აღარ არსებობს და ამერიკელები ახლა ყველა იმ საკითხს ზუსტად იცნობენ, რაზეც უმრავლესობის მიერ "უზუსტობად" შეფასებულ წერილებში წერდნენ. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს იმის გარანტი, რომ პარტნიორები მმართველ გუნდს წერილებს გზაში აღარ დააწევენ. მანამდე კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრებით "ოცნების" გუნდი კმაყოფილია.

თბილისში ფიქრობენ, რომ ვიზიტი კი დასრულდა, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება. მიზეზად ანალიტიკოსთა ნაწილს ის მოჰყავს, რომ ამერიკელები დაპირებულის შესრულებას კიდევ უფრო მწვავედ, თან მალევე მოითხოვენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კორესპონდენცია კიდევ იქნება, ამ მოლოდინს ნაწილს ხელისუფლების უმოქმედობა უჩენს, ნაწილს კი ოპოზიციის აქტიურობა. თუმცა ეჭვქვეშ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს არავინ აყენებს, წერილებს ანალიტიკოსები მეგობრულ ჟესტად აღიქვამენ.

ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისს ელის ოპოზიცია. ოპონენტების ყველაზე დიდი ინტერესი ახლა სწორედ საარჩევნო მოდელს უკავშირდება.

მმართველი გუნდი ოპოზიციას რეალობის პრიმიტიულად წარმოჩენაში ადანაშაულებს. განსაკუთრებით კი იმ მასშტაბის სტრატეგიულ თემებზე, როგორიც აშშ-საქართველოს ურთიერთობაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამ თანამშრომლობაში მეტ სიღრმეს ხედავს, თუმცა არ თვლის, რომ ვიზიტი საქართველოს ბედით დაინტერესებულ ამერიკელებს წერილების წერის სურვილს გაუქრობს.

სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური ვიზიტები ხელისუფლებამ დაასრულა. ვაშინგტონის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა მომდევნო დღეებში ნიუ-იორკშია ჩანიშნული.

დღის ამბები