25 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა შეასრულა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - გიგი უგულავას ადვოკატი

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. 

"როგორც ვვარაუდობდით, საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და გიგი უგულავას მიმართ, უდიპლომო, ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ და გაბინაშვილმა, შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა და გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რის საფუძველზე დამატებით გიგის 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. 

ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქმე განიხილა მოსამართლე შალვა თადუმაძემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო საქმის წარმოებისას. ეს ნიშნავს, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. გენერალური პროკურორი იყო მისი საქმის მოსამართლე. სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე საკითხებს წერტილი აქვს დასმული.

როგორც ორი თვის წინ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, რომ იქნებოდა დაჭერები, ეს საქმე სისრულეში მოიყვანა. პირველი მსხვერპლი მისი ამ განცხადების შემდეგ არის გიგი უგულავა. დღეს მოხდა იმის ლუსტრირება, რომ 14 მოსამართლე დაჩქარებული წესით რისთვის იქნენ შერჩეული. ეს მოსამართლეები არიან ჯალათები და სამარცხვინო ჯამბაზები," – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად, პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

დღის ამბები