25 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის მზადების რეჟიმზე გადადის და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

"ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან" - ეს განცხადება "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ქუჩის აქციებისთვის მზადების რეჟიმზე გადადის და ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წყვეტს. 

"მივმართავ სრულიად საქართველოს, პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები. მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ბატონი გიგი უგულავა და ის ემზადება ახლა რეჟიმის ციხეში წასასვლელად. ეს არის საზოგადოებაზე, მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება. მთელი ზნეობრივი, დემოკრატიული, ადამიანური, ისტორიული ტრადიციების ფეხებზე დაკიდება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში.

ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით და რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიცია, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან.

გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები. ეს სამსჯავრო მას ძალიან მალე მიაკითხავს საკუთარ სახლში.

ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებისთვის მთელ საქართველოში. ემზადოს რეჟიმი, ემზადოს იმისთვის, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება, სამსჯავრო, მას უახლოვდება სამართალი და პოლიტიკიდან საბოლოო გასტუმრება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

დღის ამბები