16 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა - ეუთო არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 90%-მდე დათვლილია და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია 125 მანდატიდან 70-ს მიიღებს. 

სანამ პარტია "ახალი აზერბაიჯანი" გამარჯვებას ზეიმობს და მილოცვებს იღებს, ეუთო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისია ამბობს, რომ არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ამომრჩევლებზე ზეწოლით ჩატარდა.

ზეწოლისა და დარღვევების ამსახველი ვიდეოკადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. მათ შორის საარჩევნო ყუთებში ბიულეტენის მასობრივი ჩაყრა დაფიქსირდა.ოფიციალური ბაქო პირობას დებს, რომ ყველა ამ საჩივარს შეისწავლიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება ანარ მამადლის. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელიც 2013-2018 წლებში დაპატიმრებული იყო, "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები ალიევმა მიზანმიმართულად ჩაატარა და ამ გზით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. 

ალიევის რეალურ კონკურენტ პოლიტიკურ ძალას ამ ეტაპზე ვერ ხედავს ვერც აჰმედ ალილი. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მართალია თავისი პოლიტიკური პოზიციები გაიმყარა, მაგრამ დადებითი ის არის, რომ პოლიტიკურ არენაზე ახალგაზრდა კადრები გამოჩნდნენ. ალიევი კი რეფორმების გატარებას სწორედ მათთან ერთად გეგმავს.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს, მას შემდეგ ჩატარდა, რაც დეკემბერში პარლამენტმა ალიევს საკანონმდებლო ორგანოს დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მმართველმა პარტიამ მაშინ მიზეზად რეფორმების ჩატარების გამო პარლამენტის განახლების აუცილებლობა დაასახელა.

დღის ამბები