18 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
მოსამართლე თადუმაძემ პროკურორ თადუმაძის სარჩელი დააკმაყოფილა - ბაქრაძე უგულავას განაჩენზე

"ეს არის ახალი ანტისტანდარტი, რომელიც დაამყარა დღეს "ქართულმა ოცნებამ" - ასე აფასებს გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავით ბაქრაძე. 

როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ამბობს, გადაწყვეტილებით ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა დაინგრა. 

"ის რაც დღეს მოხდა, არის ამ ქვეყანაში საბოლოოდ დანგრევა ყოველგვარი მართლმსაჯულების სისტემის. ის, რომ ადამიანს, პოლიტიკურ ლიდერს 9 წლიან სასჯელს უსჯი ისე, რომ არ აძლევ თავის დაცვის უფლებას, ისე, რომ არ აძლევ სიტყვით გამოსვლის უფლებას, ისე, რომ არ აძლევ ადვოკატის უფლებას, ამას აკეთებ ყოველგვარი საკასაციო და საპროცედურო ვადების დარღვევით. ამას აკეთებ ისე, რომ პროკურორი თადუმაძე, რომელმაც ეს სარჩელი მოამზადა, გადავიდა უზენაეს სასამართლოში, იქ შეეგება საკუთარ მომზადებულ სარჩელს და უკვე მოსამართლე თადუმაძემ დააკმაყოფილა პროკურორი თადუმაძის სარჩელი, ეს არის ახალი ანტისტანდარტი, რომელიც დაამყარა დღეს "ქართულმა ოცნებამ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, არ განაახლოს ოპოზიციურ ლიდერების მიმართ დევნა. 

"ეს ნიშნავს ივანიშვილისთვის პირადად დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს თვითიზოლაციისკენ საერთაშორისო თანამეგობრობაში და სანქციებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს სცენარი აირჩია როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა, მან აირჩია პლახატნიუკის სცენარი, იანუკოვიჩის სცენარი," - განაცხადა სალომე ბოკუჩავამ.

გიგი უგულავას დაკავების მოლოდინი ჰქონდა "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანს ნინო გოგუაძეს. გოგუაძე პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

"მოლოდინი გვქონდა, რომ გიგი უგულავას დაიჭერდნენ. ეს სრულიად ცხადი იყო გავრილოვი ღამის შემდეგ. ამოჩემებული ჰყავდა გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს. ის არის მისი პირადი შურისძიება, ეს არის პოლიტიკური რეპრესია," - აღნიშნა ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები