24 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
ახალშობილის გაყიდვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები "ახალ სამშობიარო ცენტრში" მიმდინარეობდა

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, "კურიერის" ინფორმაციით, "ახალ სამშობიარო ცენტრში" მიმდინარეობდა. ორი დაკავებული ექიმი სწორედ ამ ცენტრის ყოფილი თანამშრომელია.

ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პოლიცია კლინიკაში იმყოფებოდა და გარკვეულ საბუთებს ეძებდა, თუმცა მათი ინფორმაციით, სამშობიარო 2018 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად მშობიარე აღრიცხვაზე ვერ იქნებოდა და არც პაციენტის ისტორიის შესახებ საბუთი არ ინახება. 

"კურიერი" აღნიშნული ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც სამშობიარო კლინიკა აღარ ფუნქციონირებს და ახლა უკვე ოთახები გაქირავებულია.

როგორც "ახალი სამშობიარო ცენტრის" დირექტორი ამბობს, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები კონკრეტული პაციენტის დოკუმენტაციას ითხოვდნენ, მსგავსი საბუთები კი მათთან არ ინახება. მისივე განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ისეთ პერიოდზე საუბრობდნენ, როდესაც კლინიკა უკვე აღარ ფუნქციონირებდა და შესაბამისად დოკუმენტაციის შენახვაც აღარ ხდებოდა.

"არქივი უნდა ენახათ, ეძებდნენ პაციენტის ისტორიას. ვანახე არქივი, თუმცა ეძებდნენ პაციენტის 2019 წლის ისტორიას. ჩვენ 2018 წლის 12 დეკემბრიდან დაკეტილები ვართ და შესაბამისად ეს ისტორია აქ არც იქნებოდა," - განმარტა "ახალი სამშობიარო ცენტრის" დირექტორმა თეონა ადამიამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, დედამ, რომელმაც კლინიკა "ბაიებში" იმშობიარა, ჩვილი 13 ათას დოლარად გაყიდა. "ბაიებში" ქალი მხოლოდ სამშობიაროდ მივიდა, კლინიკა საკეისრო კვეთის შემდეგ დატოვა და მის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

არასრულწლოვნით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი სულ 7 ადამიანს წარედგინა. საქალაქო სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა ასაჩივრებს.

დღის ამბები