03 აპრილი 2020,   04:50
ვრცლად
"IMF-მა დაწერა ორიანი პლუსით" - ეკონომიკის ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაზე

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია რომ 5.2%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა, რომელიც სავალუტო ფონდის მიხედვით 4.6 უნდა ყოფილიყო. ამ მონაცემებს გამოხმაურება მოჰყვა სფეროს ექსპერტებში.

"რეალური სიტუაცია არის ასეთი, ჩვენი ხელისუფლება რეფორმების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით არიან ოროსნები. ახლა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუწერა ორიანი პლუსით. ამიტომ არიან გახარებულები. აბსურდია, იმიტომ რომ რეალურად ადამიანები ვატყობთ, რომ ყოველდღე იზრდება სიღარიბე და ეკონომიკური ზრდის ტემპები, ამ ტემპებით თუ გავიზარდეთ, როგორც ვიზრდებით და როგორსაც პროგნოზირებს IMF, ვიქნებით ჩამორჩენილ ქვეყანათა რიცხვში ,"-განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს ანდრია გვიდიანს, რომლის შეფასებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა საქართველოს შესახებ არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, იქნება ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები თუ სხვა ტიპის მაჩვენებლები არის პოზიტიურად შეფასებული. პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისივე პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით უფრო მაღალეკონომიკურ ზრდის ტემპს მიაღწია საქართველომ, რაც, რასაკვირველია, დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე,"-განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

დღის ამბები