17 თებერვალი 2020,   02:57
ვრცლად
თავზე დაემხობა ყველა ნაბიჯი და დამარცხდება ნებისმიერი სისტემით არჩევნებში - გიგა ბოკერია ივანიშვილზე

პროკურატურის მიერ ბანკი "ქართუს" საქმეზე ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს. ბოკერია ამბობს, რომ ამით ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"არაფერს არ გამოვრიცხავთ ოპოზიციის ლიდერები, ყველამ ვიცით, რომ სანამ ივანიშვილს არჩეული აქვს ასლან აბაშიძის კურსი, მისი ბრიყვული, მისთვის დამღუპველი, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანია, რომ ამ ტიპის ნაბიჯებით და მუქარით, ის შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ვერაფერს შეძლებს, თავზე დაემხობა ყველა მისი ნაბიჯი და დამარცხება ნებისმიერი სისტემით არჩევნებში,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით,  გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ დემონსტრირება გააკეთა, რომ ძალაუფლება მის ხელშია.

"ეს არის, კიდევ ერთხელ, იმის დემონსტრირება, რომ ძალა ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ რეპრესიები და სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ცუდი გარემოსთვის, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და კიდევ უფრო ძაბავს ისედაც ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას განაჩენს ასაჩივრებს. მუხლი, რომელზეც საუბარია, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს" გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა. 

დღის ამბები