24 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
გაიზიარებს თუ არა ნიკა მელია გიგი უგულავას ბედს - პროკურატურა ოპოზიციის ლიდერის დამნაშავედ ცნობას სააპელაციოში ითხოვს

გაიზიარებს თუ არა ნიკა მელია გიგი უგულავას ბედს - პროკურატურა ოპოზიციის ლიდერის დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. საგამოძიებო უწყება იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია უდანაშაულოდ გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ პროცესი 10 მარტს გაიმართება. ბრალდება, რომლის გამოც პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ოპოზიციის ლიდერს განაჩენი საქალაქო სასამართლომ გასული წლის 2 დეკემბერს გამოუტანა. მელია ერთ ეპიზოდში გაამართლეს, მეორეში კი გაამტყუნეს. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ამის შემდეგ პოლიტიკოსს საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. პროკურატურის გადაწყვეტილებას მელიამ დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა და აქცენტი გააკეთა მოსამართლე ვეფხია ლომიძეზე, რომელიც საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს.

ნიკა მელიას საქმის პროკურატურის მიერ სააპელაციოში გასაჩივრება კითხვებს უჩენს ოპოზიციას. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ შვიდი წლის წინ აღძრულ საქმეს ხელისუფლება ოპონენტის დევნისთვის იყენებს. მელიას დღეს სოლიდარობა გამოუცხადა გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ოპოზიციური სპექტრის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ უგულავას მსგავსად, მელიაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

როგორც ირკვევა, პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში გასული წლის 30 დეკემბერს შევიდა, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, დაახლოებით ერთ თვეში. საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ ოპონენტების ბრალდებებს პოლიტიკური დევნის შესახებ. 

სააპელაციო სასამართლო 2012 წელს გახმაურებულ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაზე მსჯელობას მარტიდან დაიწყებს. გამოძიება მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და აღსრულების ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელ ნიკა მელიას "ქართუ ბანკის" პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობას ედავება.

დღის ამბები