20 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
ახალშობილი 13 000 $-ად - რას აცხადებენ არასრულწლოვანით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულები

ჩვილი, რომლის გაყიდვაც დედამ 13 000 დოლარად განიზრახა, შესაძლოა, საერთოდ არ დაბადებულიყო. ადვოკატების განცხადებით, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ირმა მაისურაძე ფეხმძიმობის შეწყვეტას ხელოვნურად გეგმავდა, თუმცა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ექიმის, ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატი. გიორგი კონდახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰუმანური ზრახვები ჰქონდა, რომელსაც აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

წინასწარი ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დააკავშირა დედა მეორე ექიმთან, გოჩა გელაშვილთან. სწორედ ამ უკანასკნელთან იმშობიარა ირმა მაისურაძემ კლინიკა "ბაიებში". ეს ინფორმაცია "კურიერთან" დღეს უკვე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც საქმეში სავარაუდოდ შუამავალია, ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. მაგრამ, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ადასტურებს, რომ დედა პოტენციურ მყიდველთან დააკავშირა, რომელსაც შვილის აყვანა სურდა, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

რაც შეეხება ჩვილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მასზე ამ ეტაპზე სახელმწიფო იზრუნებს.

ჩვილის გაყიდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა დედა, ორი ექიმი და 4 შუამავალი დააკავეს. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პატიმრობაში რჩება მხოლოდ დედა - ირმა მაისურაძე, რომელმაც 2000 ლარიანი გირაოს გადახდა ვერ მოახერხა. 13 000 დოლარად გაყიდული ჩვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო 3 აპრილს იმსჯელებს.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები