29 მარტი 2020,   13:48
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს

წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6% პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 %-მდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა - ასე აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებელს.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ჩანს, რომ ფონდი 2019 წელს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს. ტურიზმი, ფინანსური კაპიტალის სწორად ხარჯვა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა - ეს იმ ფაქტორების ჩამონათვალია, რამაც სავალუტო ფონდის აზრით, ეკონომიკის სტიმულირება მოახდინა.

5.2% პროგნოზირებული 4.6%-ის ნაცვლად - საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნული პარამეტრის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებას პოზიტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. ფონდის მიერ დასახელებული მონაცემების მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლების კმაყოფილების მიზეზს ვერ ხედავს და უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი განვითარების სწორი მოდელის მაჩვენებელია ექსპერტთა ნაწილისთვის. მათი აზრით, შედეგების შესანარჩუნებლად, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო აუცილებელია. ეკონომისტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რთული სოციალური ფონის მოსახსნელად ეკონომიკა მინიმუმ ორნიშნა რიცხვით უნდა ვითარდებოდეს.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის მიერ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნას, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებიც გამოეხმაურნენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდი ფისკალური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლის 3%-მდე შემცირებას მიმდინარე წლის ბოლომდე აანონსებს.

სავალუტო ფონდმა ამავე დასკვნაში გასული წლის შეჯამებასთან ერთად 2020 წლის ეკონომიკურ მოლოდინებიც ასახა. დოკუმენტში წერია რომ:

"საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 4.3 პროცენტს შეადგენს".

სავალუტო ფონდის მისია, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორის შეფასება იყო, საქართველოს 5-11 თებერვალს სტუმრობდა.

დღის ამბები