23 თებერვალი 2020,   05:27
ვრცლად
საარჩევნო წელს ოპოზიციის ლიდერების დაკავება უამრავ კითხვას აჩენს - მესამე სექტორი

საარჩევნო წელს ოპოზიციის ლიდერების დაკავება უამრავ კითხვას აჩენს - ამავე თემას ეხმიანება სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსაც, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამოსვლა და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს - ამბობენ მესამე სექტორში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ გამოძიების დაწყება ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი ხდება მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში აღნიშნული საქმეების გამოძიება ან შეჩერებული იყო, ან საერთოდ არ ხდებოდა.

"რიგ საქმეებში გამოძიება ან სასამართლოებში საქმის წარმოება არის შეჩერებული და რაღაც ეტაპზე პრაქტიკულად ყველა საქმის მიმართ ერთდროულად იწყება პროკურატურის მხრიდან აქტიურობა და იწყება სასამართლოში ფორსირებულად საქმეების განხილვა. რეალურად, საარჩევნო წლის განმავლობაში ფორსირებულად ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების მიმართ გამოძიების წარმოება, ან სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ტელევიზიების მფლობელების მიმართ, გამოძიების წარმოება, ეს ყოველთვის არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად ამ ტიპის საქმეების გამოძიება ან გაჩერებული იყო, ან საერთოდ არ ხდებოდა," - განაცხადა სულხან სალაძემ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას დაპატიმრებები პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული.

"ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული დაკავებები. იგივეს აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების წერილის, რომლებსაც იგივე განცდა აქვთ. ნიკა მელიას თაობაზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა, შესაძლებელია ისიც დააპატიმრონ. ამ საკითხზე აუცილებელი არის, რომ სრულიად საზოგადოებრივი კონსენსუსის ფარგლებში მოხდეს დიალოგი," - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

დღის ამბები