23 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
თუ საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს, გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს - ნიკა მელია სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურ ნაწილზე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იმსჯელებს.

მანამდე კი, ნიკა მელია თავის მოლოდინებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მართლაც არსებობს, გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ, თუკი ასეთი რამ არსებობს, ხვალ უნდა მიიღოს გამამართლებელი განაჩენი. ანუ, უნდა გააუქმოს ის დადგენილება, რომლითაც მე პარლამენტი დამატოვებინეს. ჩვენ სარჩელში ვითხოვთ იმას, რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება იდაოს მეორე და მესამე ინსტანციაში და მანამ, სანამ ეს ინსტანციები ამოწურული არ იქნება, კვლავ აღუდგეს ძველი სტატუს-კვო," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და მისი, როგორც მოსარჩელე მხარის უფლებების დარღვევაზე, დეტალურად საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ლომთაძე საუბრობს.

"მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული წესი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ კანონის ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებით. ასევე, მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს იმაზე, რომ ვინაიდან მას, ვადაზე ადრე შეუწყდა პარლამენტის უფლებამოსილება, ამით მისი კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ირღვევა," - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ  გიორგი ლომთაძემ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერა. 

დღის ამბები