23 თებერვალი 2020,   06:01
ვრცლად
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნას მმართველი გუნდი ოპოზიციას აბრალებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნას მმართველი გუნდი ოპოზიციას აბრალებს. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, შემაჯამებელ დოკუმენტში მოხდა ისეთი თემების შეტანა, რომლებიც ევროპარლამენტართა გარკვეულ რაოდენობაში არ განიხილება, როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, შესაბამისად ევროპარლამენტარების ნაწილმა და ოცნების წარმომადგენლებმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს:

"როგორც ევროპელმა თანათავმჯდომარემ აღნიშნა რეზოლუციაში შემოიტანეს თემები, რომელიც ეხებოდა იგივე გიგი უგულავას საკითხს. იმდენად,რამდენადაც ევროპარლამენტარებიც მოწვეულები არიან და საერთოდ ეს თემა ევროპარლამენტართა გარკვეულ რაოდენობაში არ განიხილება როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, მხარი არ დაუჭირეს ევროპელებმაც, ჩვენც მხარი არ დავუჭირეთ და მეტნი აღმოვჩნდით," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს:

"ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა,  მათ აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი, თითქმის არ გააჩნიათ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ, სადაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი პარტნიორები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შემდგომ იმისთვის, რომ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მართალია რომ ოპოზიცია მოწადინებული და მონდომებულია, რომ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გამო წავიდეს იმაზე, რომ სახელმწიფოს იმიჯს საფრთხე შეუქმნას, თუმცა ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რეზოლუციის ჩაგდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უპრეცედენტოა. ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია დოკუმენტის საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

 

დღის ამბები