19 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო ქართულ ბიზნესს ეხმარება - ნათია თურნავა

"აწარმოე საქართველოში-ს" წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს პროექტის ფარგლებში გახსნილ ერთ-ერთ საწარმოში. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მის ფარგლებში 500-მდე მცირე საწარმო არის მხარდაჭერილი, 300-ზე მეტი მცირე სასტუმრო, მათ შორის ის სასტუმროებიც, რომლებიც 20 ივნისის პროვოკაციის მოვლენების შემდეგ დაზარალდნენ. ეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო და კერძოდ ეკონომიკის სამინისტრო, ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს," - აცხადებს ნათია თურნავა.

სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ ხიდურელმა განმარტა, თითო სუბსიდირებულმა ლარმა კერძო სექტორიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია მოიზიდა და ბიუჯეტში 5 ლარის გადასახადები შემოიტანა. 

"სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელებულიყო. ასევე იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 5 ლარის გადასახადები შემოიტანა ბიუჯეტში და იგივე სუბსიდირებულმა ლარმა შექმნა 9 ლარამდე შიდა პროდუქტი და ეს პროგრამის მუშაობიდან მხოლოდ 6 წლის თავზე. ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კომპანია გადის ექსპორტზე, უფრო და უფრო მეტი კომპანია ესწრება ჩვენს მიერ მხარდაჭერილ გამოფენებს," - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

დღის ამბები