ოპოზიციის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნა ქართული ოცნების სრული კრახია და არის საფრთხე, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს.
"ევროპარლამენტში, ევროპის კონტინენტზე უკვე იმდენად მკაცრი რიტორიკა ისმის, რომ შესაძლებელია, შემდეგი ნაბიჯი სწორედ ისეთი სიკეთეების უკან წაღება იყოს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. თუმცა შესაძლებელია ევროპარლამენტმაც ტარგეტირებულ და პერსონალიზებულ სანქციებზე დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
განვითარებულ პროცესებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის შექმნილ საფრთხედ აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე:
"ამ ყველაფერს ვერ შევაფასებთ სხვაგვარად თუ არა საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხეს. ეს არის საფრთხე იმის,რომ ქართული ოცნების პარტიული ინტერესის გამო ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ევროპული მომავალი და ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ევროპული განვითარების გზა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი