25 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
როგორ დაუპირისპირდება საქართველო კორონავირუსს - დაავადებათა კონტროლის ცენტრში სპეციალური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

რას უპირისპირებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსს - ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში სპეციალური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე განიხილება უკვე შესრულებულ სამუშაოები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ უნდა გადაიდგას.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი გახლავთ, ე.წ სიმულაციური სავარჯიშოს გათამაშება. ანუ, თუკი ქვეყანაში კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელი უწყება რას აკეთებს და როგორია ამ შემთხვევაში მათი კოორდინაცია," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სახელმწიფო კორონავირუსის წინააღმდეგ, კოორდინირებულად და სინქრონულად მოქმედებს. 

"ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაში იყოს კორონავირუსის პრევენციისათვის," - აღნიშნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

ამჯერად, ინფექციურ საავადმყოფოში, მხოლოდ 1 პაციენტია. როგორც საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კლინიკური გამოკვლევით მასაც არაფერი არ დაუდასტურდა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო, 15 პაციენტი შემოვიდა საეჭვო შემთხვევით, 4 მათგანს ჰქონდა გრიპი, დანარჩენებს კი ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება. ამჟამად საავადმყოფოში მხოლოდ ერთი 19 წლის ბიჭი რჩება, რომელიც ჩინეთში მოგზაურობდა. კლინიკური გამოკვლევით მასაც არაფერი არ დაუდასტურდა," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები