29 მარტი 2020,   11:58
ვრცლად
ქალბატონ ზახაროვას მინდა ვუპასუხო, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან - თალაკვაძე

"ქალბატონ ზახაროვას მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის თვალთმაქცობა, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ეროვნული ინტერესების ხარჯზე დათმობას არ აპირებს. 

"ქალბატონ ზახაროვას და, ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც ქალბატონი ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და, პირველ რიგში, გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან. არავითარი დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ბატონ ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები სწორედ ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა აქ რეალურად არაფერს არ ცვლის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას თუ მის წარმომადგენლებს, მინისტრებს თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციაც ჩამოვა, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შეიძლება ის პირებიც იყვნენ, ვისაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს. ერთ-ერთია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ზემოთ ხსენებული კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

 

დღის ამბები