25 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
იმაზე სპეკულაციები თუ ვინ ჩამოვა, როგორ ჩამოვა, ჯერ ძალიან ნაადრევია - დავით ზალკალიანი

"საქართველო, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იმოქმედებს ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სახელმწიფო ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,"- ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

ზალკალიანი მიიჩნევს, რომ იმაზე საუბარი, იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში ისეთი პირი, რომელსაც კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს, ნაადრევია.  

"ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ საქართველო, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იმოქმედებს ამ ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის შესაბამის დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებია, ეს ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. იმაზე სპეკულაციებზე, თუ ვინ ჩამოვა, როგორ ჩამოვა, ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციაც ჩამოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შეიძლება ის პირებიც იყვნენ, რომელთაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვთ. ერთ-ერთია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც აღნიშნული კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დღის ამბები