28 თებერვალი 2020,   00:42
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდა

მიუნხენის 56-ე კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერს შეხვდა. 

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საუბარი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და თავდაცვის რეფორმის განხორციელებაში ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას შეეხო.

"ჩვენ, ახლახანს, პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივანთან, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი შედგა. ორივე მხარემ დაადასტურეს მადლიერება და ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენ გვაქვს თავდაცვის სფეროში მართლაც გამორჩეული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ დახმარებას და იმ წვლილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის თავდაცვის ძალების მოდერნიზებასა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. ჩვენ, ასევე, ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდა, მხარეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ისაუბრეს.

დღის ამბები