23 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
უმაღლესი განათლება არის მაჩანჩალა მდგომარეობაში - ანა დოლიძე ილიას უნივერსიტეტს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს

ანა დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სოლიდარობას უცხადებს სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ნათია ბახტაძეს, რომელსაც დაწინაურების მოთხოვნის შემდეგ უნივერსიტეტი დაატოვებინეს. ყოფილი ლექტორი სასამართლოს მიმართავს. 

"სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა და უმაღლესი განათლება დღეს არის სრულიად მაჩანჩალა მდგომარეობაში. არც ერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიო ათას უნივერსიტეტში არ ხვდება. ეს იმის ბრალია, რომ უნივერსიტეტში გამეფებულია ჭაობი და ისეთი კლანები, რომელიც გამეფებულია სასამართლოში, რომელსაც მე ვებრძოდი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა უპასუხა.

"ვადასტურებთ, რომ აღნიშნული პიროვნება იკავებდა აკადემიურ პოზიციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აკადემიური თანამდებობის არჩევის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი აღარ გამოცხადდა. თუმცა სხვადასხვა დროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების მიმართულებით გამოცხადდა სხვა კონკურსები, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია. 2017 წელს მიმართა სასამართლოს, დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც დღემდე გრძელდება, ხოლო 2019 წელს სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი," - განაცხადა ანა კვანჭილაშვილმა.

დღის ამბები