19 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
სტუ-ის ახალი რექტორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას 17 თებერვლიდან შეუდგება. დავით გურგენიძე რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს.  მან ამ თანამდებობაზე წინამორბედი რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი  შეცვალა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი უნიევერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, დავით გურგენიძემ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის რანგში 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების პრინციპებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ისეთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ინოვაციების უწყვეტობა, სინერგიის პრინციპის დაცვა, საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, განათლების მიღების უწყვეტობა, ხარისხის მართვა და  სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირება. 

 „რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის რანგში, ეს პირველ რიგში, არის ინოვაციების უწყვეტობა, რაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის, ახალი ტექნოლოგიების და ახალი მეთოდების შემუშავება-დანერგვაში გამოიხატება; მნიშვნელოვანია სინერგიის პრინციპის დაცვა - ეს უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ურთიერთკავშირის გაძლიერებითაა შესაძლებელი; მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების ისეთ საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები; აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირების მიმართულებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა შევძლოთ ხარისხის ეფექტიანი მართვა, უნდა ვიყოთ სრულად ორიენტირებული სტუდენტებზე,  საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მუდმივ სრულყოფაზე და ეს უნდა ხდებოდეს საგანმანათლებლო სერვისებისა და სამეცნიერო  კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე. აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება.  რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის ხდება. ეს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია და  ამიტომ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, გაფართოვდეს მისი ცნობადობა და გაიზარდოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რა თქმა უნდა, ამის მიღწევას აკადემიური წრეებისა და  სტუდენტების დახმარებით შევძლებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მიმდინარე წლის 27 იანვარს ჩატარდა.ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით,უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე იქნა არჩეული. აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან მას ხმა მისცა 38 წევრმა, ხოლო 1 წევრი არ გამოცხადდა.

 

 

 

დღის ამბები