23 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, სერგეი ლავროვი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს

ცნობილია, რომ მაისში საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილ მინისტერიალს რუსული დელეგაცია ყველა შემთხვევაში დაესწრება, თუმცა ვინ იქნება მის შემადგენლობაში, ამ დრომდე უცნობია. იქნება თუ არა დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი - ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, რუსეთის პირველი დიპლომატი - მინისტრი, რომელიც ხშირად სტუმრობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფორმებს დე ფაქტო რეჟიმებთან უკანონო დოკუმენტებს და სხვადასხვა ქვეყნისგან პირადად ითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას - თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს.

დღეს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოში პრობლემები იქამდე იქნება, სანამ ქვეყნის შიდა ვითარება რუსეთიდან ვინმეს ჩასვლა-არჩასვლის საკითხზე იქნება დამოკიდებული, მალევე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ მოსკოვს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ თბილისში ვიზიტს დააპირებს ლავროვი ან სხვა რომელიმე რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს. მუქარა ოპოზიციის იმ ლიდერებისგან ისმის, რომლებმაც თითქმის 8 თვის წინ გავრილოვი აიძულეს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან ამდგარიყო და შემდეგ ქვეყანა დაეტოვებინა.

სამოქალქო მოძრაობები, რომელთა პროტესტსაც ე.წ გავრილოვის ღამე და ხანგრძლივი აქციები მოჰყვა, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას თბილისში ოკუპაციის მხარდამჭერი რუსი პოლიტიკოსების ვიზიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები საზოგადოების ერთიან და მწვავე რეაქციას აანონსებენ.

ოპონენტების შეთავაზება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ან სხვა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდეს, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ღონისძიებას საქართველომ უნდა უმასპინძლოს და ეს ქვეყნის პრესტიჟის საკითხია.

როგორ და რა ფორმით ჩატარდება მაისის სხდომა - ეს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით გადაწყდება. მოსამზადებელ სამუშაოებს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

მარია ზახაროვას კომენტარამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმაც განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებდა.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს ქვეყანაში შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამ განცხადებას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მაშინვე მოჰყვა, "ქართულმა ოცნებამ" კი განმარტა, რომ ეს პრეზიდენტის პირადი პოზიცია იყო და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მმართველი გუნდი მიიღებს.

დღის ამბები