25 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი შემთხვევის გამო, ჩინურ კომპანიასთან შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის გამო, ჩინურ კომპანიასთან შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორის, ირაკლი მხეიძის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და, ზოგადად, მიმდინარე პროექტის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების კანონთან კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდება.

"ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კომპანიას, რომელიც ახორციელებს ავტობანის მშენებლობას, აქვს ძალიან დიდი დარღვევები შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათი შეუსაბამობები შრომის კოდექსთან და, ასევე, შრომის უსაფრთხოების კანონთან არის კრიტიკული. სწორედ ამიტომ, ჩვენ წამოწყებული გვაქვს დავა. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, უკვე 20 დღეა მედიაცია მიმდინარეობს, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდება ამ კომპანიაში,"- განაცხადა ირაკლი მხეიძემ.

რიკოთის 13 კმ-იან ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებს, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. კომპანიას საქმიანობის 41 წლიანი ისტორია აქვს და ბოლო ათ წელიწადში 200-ზე მეტი გზა ააშენა.

დღის ამბები