19 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში დიალოგით უნდა მოგვარდეს, მთავრობაშიც და ოპოზიციაში, კარგი ადამიანები არიან - კურტ ვოლკერი

საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს - ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერის რეკომენდაცია.

ვოლკერმა კომენტარი მიუნხენში გააკეთა, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა დაპირისპირებული მხარეების ინტერესში შედის.

"საქართველოს წინ საარჩევნო წელი ელის, ტემპერატურა მატულობს, ადამიანები უფრო და უფრო ცდილობენ საკუთარი პოზიციები წარმოაჩინონ, მატულობს დაძაბულობაც. საქართველოს ბევრი ეროვნული მისწრაფებები აქვს, იქნება ეს ძლიერი დემოკრატია, ძლიერი ეკონომიკა, გაზრდილი სამუშაო ადგილები, ევროინტეგრაცია, თუ სახელმწიფოსა და ზოგადად ტერიტორიების რუსეთის აგრესიისგან დაცვა.

საქართველოს როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, კარგი ადამიანები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს გზა იმისთვის, რომ ამ ხალხმა ერთად მუშაობა შეძლონ.

ქვეყანაში არსებობს პოლარიზაციის პრობლემა. საზოგადოებამ უნდა შეძლოს ქვეყანაში დაყოფის პრობლემის აღმოფხვრა. ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. იმედი მაქვს, ქართველები ამ პრობლემას გადაჭრიან. იმისათვის რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ვფიქრობ მოლაპარაკებებია საჭირო.

აუცილებელია არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში გაიმართოს. ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა. უნდა შეძლოს ქვეყანამ ერთობლივი მუშაობით შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს,"- განაცხადა დიპლომატმა, კურტ ვოლკერმა. 

დღის ამბები