18 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
"კასკა" რას უშველიდა, საყრდენებმა ვერ გაუძლო" - რა გახდა უბისასთან გზის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი

უბისასთან გზის მშენებლობაზე ერთ-ერთი სასაწყობე შენობის სახურავის ჩამოშლის ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ობიექტზე დასაქმებულები ვარაუდობენ, რომ კონსტრუქციის ჩამოშლა უსაფრთხოების ნორმების დარღვევიდან გამომდინარე მოხდა, რადგან, მათი თქმით, შემთხვევის დღეს არ ყოფილა თოვლის საფარი იმ ზომის, რომ მას ასეთი შედეგი მოჰყოლოდა. 

"შიგნით მუშაობდნენ "კასკებით" და ფორმებით, "უკასკოდ" არავინ არ მუშაობდა შიგნით, მაგრამ მთავარმა ძალამ ვერ გაუძლო გარედან და "კასკა" რას უშველიდა. საყრდენებმა ვერ გაუძლო, მთავარი რაც არის,"-განაცხადა ქიშვარდი წიქარიშვილმა.

"თოვლი იმხელა არ იყო, რომ სიმძიმიდან ჩამოწოლილიყო, სავარაუდოდ, ფუნდამენტი არ აქვს კარგი, არ ვიცი, ეგ გამოსაკვლევია,"- განაცხადა სოფიო ბუცხერიკიძემ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის კოორდინატორის, ირაკლი მხეიძის თქმით, მშენებლობაზე არსებული შენობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს და არ არის უზრუნველყოფილი ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია იქ დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის. 

"არ არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი, არ არის კოლექტიური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი, შენობები, რომელიც აშენებულია, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს და ა.შ. მრავლობითი დარღვევებია და იქ არსებული დარღვევები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ. სწორედ ამიტომ, 20 დღის წინ ჩვენ წამოვიწყეთ შრომითი დავა, ამჟამად მიმდინარეობს მედიაცია და ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იმ სტანდარტების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის,"- განაცხადა ირაკლი ბუცხრიკიძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები