19 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
საზოგადოების შეურაცხყოფის სიმბოლო - ირაკლი შოთაძის კენჭისყრა პარლამენტის პიკეტირების ფონზე ჩაივლის

ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატი რამდენიმე საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარსდგება. მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი ხვალ უნდა ეყაროს. პარლამენტის მხარდაჭერის მიღებისთვის ირაკლი შოთაძეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სხდომას დაეწროს და შოთაძესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დარბაზში დააფიქსიროს.

იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. რაც შეეხება პოლიტიკოსებს - ისინი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას სამშაბათიდან აპირებენ.

"ყველამ ისედაც იცოდა, რომ ივანიშვილის სისტემის პირობებში, ყველა ვარიანტში, გენერალური პროკურორი მისი პერსონალური მორჩილი, მასხარა, კლოუნი იქნებოდა. მაგრამ ეს დიდი პრობლემაა და მისი დამარცხების შემდეგ ეს სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს.

ჩვენ ვაპირებთ კვლავ პიკეტირებას და იქნება მშვიდობიანი კორიდორი და მათ მოუწევთ, ისევ იმავე მეთოდებით შეაპარონ პარლამენტში ეს სამარცხვინო კლოუნები და საზოგადოების შეურაცხყოფის სიმბოლო  - ირაკლი შოთაძე", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ჩვენ ვაპირებთ, სამშაბათს პარლამნეტის პიკეტირებას ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დავაფიქსიროთ საზოგადოებრივი პროტესტი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაუშვა და ახლა აბრუნებს. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი დამნაშავე.

ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ კონკრეტული დეპუტატები შევიდეთ პარლმენტში", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, ის მზადაა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს, რადგან დარწმუნებულია, რომ შოთაძე ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რომელიც პროკურატურაში არსებობს.

"სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს უკვე რესურსი ამოეწურათ, რომ ადეკვატური კომენტარები გააკეთონ. მე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს მიზანმიმართულად კანდიდატურის წარდგენა. რა თქმა უნდა ყველა კრიტერიუმი იყო გათვალისწინებული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადეკვატურად უპასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რაც კი პროკურატურაში არსებობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები