19 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
მესამე სექტორი ევროპულ მხარეს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს

რა ვითარებაა საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის, არჩევნებისა და გარემოს დაცვის მხრივ - ამ საკითხებზე სასაუბროდ ბრიუსელში 4 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. შეხვედრები დაგეგმილია ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგების გაცნობაა.

"ამ ვიზიტის მიზანია, ევროპულ მხარეს, ტრადიციულად, მივაწოდოთ ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. თემებს რაც შეეხება, არის ოთხი თემა - მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოს დაცვა და საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრები იმართება ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში, ევროპის პარლამენტში, ევროკომისიაში,"- განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს განსაკუთრებულ აქცენტს იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შეიქმნა. 

"ჩვენ ვისაუბრებთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არის. ჩვენი, კონკრეტულად "სამართლიანი არჩევნების" მთავარი თემა ამ შეხვედრებზე იქნება სწორედ საარჩევნო სისტემის საკითხი, 2020 წლის არჩევნები, რა გამოწვევებია 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს კუთხით. რას უნდა ველოდოთ, როგორი შეიძლება იყოს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზები და, ზოგადად, სხვა საკითხები, რაც ბოლო ხანებში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები