19 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
"გაბედეს" 5 აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

"გაბედეს" 5 აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ისინი ნოემბერში სუსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც აქტივისტები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

ბრალდებულთა შორისაა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ბექა ნათელაშვილი, რომლის თქმითაც მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და მთავარი მიზანი მათი დაშინებაა.

"გვედავებიან პოლიციის შეურაცხყოფას, დაუმორჩილებლობას, როცა იქ უამრავი კამერა იყო, უამრავი ტელევიზია იღებდა და მოგონილი ბრალდება წაგვიყენეს, მოგონილ თემებზე წაგვიყენეს სამართალდარღვევათა ოქმები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ეს ახალგაზრდები შეაშინონ, გააჩერონ, რომ დასხდნენ სახლში, არ გამოვიდნენ გარეთ, არ გამოხატონ პროტესტი იმ უსამართლობისა და ტყუილების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ,"- განაცხადა ბექა ნათელშვილმა.

ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის თქმით, ბრალდების მხარემ ვერცერთი მოწმე ვერ წარმოადგინა და მთავარი მტკიცებულება, სამხრე კამერების ჩანაწერი იქნება, რომლის გამოკვლევასაც დაცვის მხარე ითხოვს. 

"სასამართლო პროცესზე გრძელდება განხილვა. პირველ სხდომაზე დაიკითხა მოწმეები, რაც წარვადგინეთ ჩვენ, დაცვის მხარემ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერანაირი მოწმე ვერ წარმოადგინა და ახლა იქნება განხილვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა. ძირითადი მტკიცებულება ეს არის სამხრე კამერის ჩანაწერი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დეტალურად იქნას გამოწვეული პროცესზე და, ვფიქრობთ, სასამართლო მიიღებს დადგენილებას, თუ კიდე არ გააჭიანურეს საქმის განხილვა,"- განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

დღის ამბები