24 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
"უნდა დაისაჯოს ის სამი ადამიანიც, რომელიც გოგონას გატაცებაში მონაწილეობდა" - არასამთავრობო მარნეულის ინციდენტზე

მარნეულში არასრულწლოვნის მოტაცებაში ბრალდებულს 22 წლის მამაკაცს აღკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.

ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. გამოძიება დამნაშავეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.

ოთხმა უცნობმა, არასრულწლოვანი დაოჯახების მიზნით მარნეულის ცენტრიდან მოიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის "მერსი ქორფსი-ს" წევრი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაული რეგიონში ძალიან ხშირია და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სათანადო რეაგირება, ის მუდმივად გაგრძელდება.

როგორც სამირა ბაირამოვა აცხადებს, ხშირად ხდება ასევე შემთხვევები, როდესაც ოჯახები შვილების ნების მიუხედავად მორიგდებიან და ასეთ შემთხვევაში გამტაცებლებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. სწორედ ამ მუხლის ამოღებას ითხოვს სამირა ბაირამოვა და აცხადებს, რომ ასეთი პირი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააპატიმრონ.

სამირა ბაირამოვას თქმით, შესაძლოა, დანაშაულის სიმძიმე სხვადასხვა იყოს, თუმცა გოგონას ცოლად მოყვანის მსურველი მამაკაცის გარდა ის სამი ადამიანიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომელიც გატაცებაში მონაწილეობდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ხდება ჩვენთან რეგიონში მსგავსი რამ და სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მიდიან შერიგებამდე, ეს ძალიან ცუდია, ადამიანებს აძლევ მოტივაციას, რომ შენ ამის  შესაძლებლობა გაქვს," - აცხადებს სამირა ბაირამოვა.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები