23 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ტელევიზიის შენობასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 8 პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებას აკისრებს. 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, ჟურნალისტების თავისუფლება დაიცვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ დაუშვას. 

"საფრთხე ექმნება აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას. გამომდინარე აქედან, ჩვენ, ყველანი ერთად, ეს პოლიტიკური პარტიები, მოვუწოდებთ, პირველ რიგში, მრჩეველთა საბჭოს, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, იმისათვის, რომ დაცული იქნას თავისუფალი ჟურნალისტების უფლებები და ინტერესები და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს,"- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დააკვირდნენ და საჭიროების შემთხვევაში ყველაფერი გააკეთონ, რათა სარედაქციო პოლიტიკაში უკანონო ჩარევა არ მოხდეს. 

პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ ტელევიზიის ახლად დანიშნული დირექტორი გიორგი კოხრეიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია და არხზე მიმდინარე პროცესებიც სწორედ ხელისუფლების ინტერესების გატარებას ემსახურება. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას გეგმავს. ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე სამაუწყებლო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

დღის ამბები